Monday, December 3, 2018

ლექსები საახალწლო განწყობის შესაქმნელად




” დღის ლიდერები ” მხატვრულად წაგვიკითხავენ ქვემოთ მოცემული ლექსებიდან ერთ-ერთს. (1 2-20 დეკემბრისთვის)


საახალწლო კარნავალზე


ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.



                     მორის ფოცხიშვილი








საახალწლო

რაც ძველია, ძველია,

ძველია და მიდის.

დღეს ახალი წელია,

ზეიმია დიდი.

დაფიფქული წარბებით,

დათრთვილული ქუდით

თოვლისპაპა მოვიდა

თოვლი მოაქვს გუდით.

აბა, ჩქარა, ბავშვებო,

გავანძრიოთ ხელი,

თორემ დაგვიძველდება

ეს ახალი წელი.

                                                       მორის ფოცხიშვილი





საახალწლო 2

- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.

                                       ნოდარ დუმბაძე



მრავალ-მრავალ ახალ წელს


ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,

ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,

საქართველოს სადიდებლად

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ჩემი გული სიხარულით,

რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,

მშვიდობა და სიყვარული,

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

                               მორის ფოცხიშვილი




ახალი წელი

თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!




მეკვლე ვარ!..


თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ,
- ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!
ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,
მომყვება თოვლის ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
- კარი გამიღეთ,
მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,
მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.
                               ელენე სალარიძე




საახალწლო

საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,
საქართველოს ცას,
მოლივლივე ზღვას,
საქართველოს მთებს,
საქართველოს რთველს,
რიონს,
ჭოროხს,
არაგვს,
მათ ტალღათა ფერს.
ალაზანს და ხრამს,
რა თქმა უნდა მტკვარს,
ჩვენს საყვარელ ხალხს,
ვინც თესავს და ხნავს,
საქართველოს გზებს,
მის ხვალინდელ დღეს -
სიცოცხლე და დღეგრძელობა
მრავალ ახალ წელს!
                                                    ჯანსუღ ნიქაბაძე




იჩახჩახე ჩიჩილაკო

თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს.
ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:
- ჩემო ირა, ლილი, ასმათ,
ეს ქართული ნაძვის ხეა,
პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა ხვავით.
- რა ჰქვიაო? - თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! -
და სამივემ ლამაზ სტუმარს
მიუმღერა ტაშის დაკვრით:
- ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის ამკობ,
გსურს პატარებს საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
იჩახჩახე, ჩიჩილაკო!
ამინ!

წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის ზღურბლზე
ფეხს ახალი წელი...
ბედნიერი ყოფილიყოს
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს
ამინ!
ამინ!
ამინ!
აგვსებოდეს სასუნსულო
უხვი სასუსნავით,
გველხინოს და გვეჭიკჭიკოს
ამინ!
ამინ!
ამინ!
ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ!
ამინ!..


ლია კობალაძე



გილოცავ!

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.

ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...

ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...

გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!





თოვლის ბაბუა




გადმოლახა ზღვები და




გადმოლახა მთები -




მოდის თოვლის ბაბუა




დათოვლილი მხრებით,




დათოვლილი წარბებით,




დათოვლილი თმებით.




მოჰყავს დათუნიები




მოაქვს საჩუქრები.




გარეთ ცივი ქარია,


ათოვს მთებს და ველებს.


ალბათ სცივა ბაბუას -


ვინ გაუთბობს ხელებს?


როცა მოვა, ვიცეკვებთ


და გულს გავიხარებთ,


გაზაფხულის მოსვლამდე


არ გავუშვებთ გარეთ.


მორის ფოცხიშვილი