წითელი ფანქარი
ერთ სკოლაში ბავშვებს ძალიან უცნაური მასწავლებელი ჰყავდათ. არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი წითელი ფანქარი!
წითელ ფანქარს ყველაზე მეტად შენიშვნების მიცემა და საკლასო რვეულების წითლად გადაჭრელება უყვარდა, თანაც ისეთი ბრაზიანი იყო, რომ სკოლის დირექტორიც კი, მის დანახვაზე ყურებამდე წითლდებოდა და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.
ჩანთაში წითელ ფანქარს მობილურთან, სარკესთან და წითელ პომადასთან ერთად ყოველთვის ედო ჩვეულებრივი სათლელი, წვერი რომ დამიბლაგვდეს, ან მომტყდეს, ხომ უნდა წავითალოო.
მოკლედ, ძალიან მკაცრი და პრანჭია იყო.
წითელ ფანქარს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: ხანდახან, გაკვეთილზე ჩათვლემდა-ხოლმე, მაგრამ ამას ნაკლად სულაც არ თვლიდა: აბა, რა ვქნა, სახლში ღამეც კი რვეულებს ვასწორებო.
საწყალი ბავშვები! მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცოდნენ თუ არა გაკვეთილი, მაინც დაბალ ქულებს იღებდნენ. გულს იმითღა იოხებდნენ, რომ როცა წითელი ფანქარი თვალს მილულავდა, რომელიმე გაბედული მიეპარებოდა და წკაპ! წვერს წაატეხდა, იქნებ ცოტა ხნით მაინც დავისვენოთო, მაგრამ რა!
გაახელდა თვალს წითელი ფანქარი, ჩანთიდან მშვიდად ამოიღებდა სარკეს, ჩაიხედავდა, მერე სათლელში ჩაძვრებოდა და, ბზრრ! წვერს ისევ წაიწვეტებდა.
დრო გადიოდა. სკოლაში ყველაფერი ისე აირ-დაირია, რომ ერთხელ ეს სკოლა ერთ-ერთმა ცნობილმა არხმაც აჩვენა, როგორც ქალაქში ყველაზე ჩამორჩენილი სკოლა.
წითელ ფანქარს ეს ამბავი არ აღელვებდა, ძველებურად წითლად აჭრელებდა რვეულებს, ითლიდა წვერს და ვერც ამჩნევდა, ამდენი თლისგან თანდათან რომ პატარავდებოდა.
ჰოდა, ერთხელაც აი, რა მოხდა:
შევიდა წითელი ფანქარი კლასში, გამოიძახა მოსწავლე დაფასთან, ახალი, მაღალქუსლიანი, წითელი ფეხსაცმელებით გაიარ-გამოიარა, მერე მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალები მილულა.
“ახლა გიჩვენებ სეირსო,”- მიეპარა ერთი პატარა ბიჭი და წკაპ! წვერი წაატეხა.
ზარი დაირეკა. წითელმა ფანქარმა თვალი გაახილა თუ არა, სარკეში ჩაიხედა, ოჰ, წვერი წასათლელი მაქვსო, გაიფიქრა, ჩაძვრა სათლელში და ბზრრ! როგორც თვითონ იტყოდა, ბალერინასავით დაბზრიალდა.
დაბზრიალდა და გ ა ქ რ ა !!!
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
2010, ივლისი