Wednesday, November 23, 2011

ლიდერებისთვის 28.11.-2.12

ქვემოთ მითითებული ლექსები,უმჯობესია,ლიდერებმა გაინაწილონ და გაითამაშონ.
წერილი
-ძლიერ წუხდნენ ზღარბები...
-რატომ წუხდნენ?
-ვაშლი ჰქონდათ საკრეფი...
-რა ჰქნეს მერე?
-ჟირაფს წერილი მისწერეს...
-რა მისწერეს?
-აგრემც უფრო გაგეზრდება
ეგ ლამაზი კისერიო,
აფრიკიდან ჩამოდი და
გვიხსენიო.
(გივი ჭიჭინაძე)

დათუნია დრუნჩა

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
უცებ შეხვდა ვირთხა
არ უცდია დიდხანს,
თქვა: დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,

არ დაგითმობთ არვისა!
წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერი და ხარბი,
თქვა: დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

(გივი ჭიჭინაძე)

ზოოპარკი
ჩიტს რა უნდა გალიაში?
-ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა!
-ეს თევზები რას დარდობენ?
-წყალს ნატრობენ მდინარისას!
-რატომ ბრაზობს თეთრი დათვი?
-ვოლიერში ვერა დგება!
-ლომი რად თვლემს დღე და ღამე?
-აფრიკის ტყე ელანდება.
(გივი ჭიჭინაძე)


ხევ-ხევ ხერხი მიცუხცუხებს,
აცახცახებს ვერხვებს,მუხებს.
( გივი ჭიჭინაძე)

No comments:

Post a Comment