თამარ ფხაკაძე
თეთრი დათვი და მურა დათვი
ავტორი 1: ერთხელ თეთრი დათვი უზარმაზარ ყინულზე წამოგორდა და დაიწყო ფიქრი. ხან პინგვინებზე იფიქრა, ხან ზღვის ლომებზე, ხან რაზე და ხან რაზე, მაგრამ ბოლოს აი რა მოიფიქრა:თეთრი დათვი: მომბეზრდა აქ! აქეთ ყინული! იქით ყინული! აქეთ პინგვინი! იქით პინგვინი! საჭმელიც, - სულ თევზი და თევზი! წავალ, უკეთეს ადგილს მოვძებნი! დედამიწა დიდია, ადგილების მეტი რა არის?!
ავტორი 2: ასეც მოიქცა. წამოიზლაზნა და გაუდგა გზას.
სწორედ ამ დროს, ერთ თბილ ქვეყანაში მურა დათვი უღრანი ტყის პირას, ხასხასა მოლზე წამოგორებულიყო და ფიქრობდა.
მურა დათვი: უჰ! მომბეზრდა! აქეთ ტყე, იქით ტყე! აქეთ შინდი! იქით პანტა! ყოველდღე თაფლი და თაფლი! ფუღუროებში ძრომიალი და ფუტკრებისგან დაკბენა! მომეწყინა! დედამიწა დიდია! ადგილების მეტი რა არის! წავალ და უკეთეს სამყოფელს მოვძებნი!
ავტორი 3 : ბევრი აღარ უფიქრია, გაუდგა ბაჯბაჯით გზას.
იარა თეთრმა დათვმა. ბევრი იარა.
იარა მურა დათვმა. ბევრი იარა.
შუა გზაზე ერთმანეთს შეხვდნენ.
თეთრი დათვი : ჰეი, ძმობილო! საით გაგიწევია?
მურა დათვი: მომეწყინა. სხვა ადგილი უნდა ვნახო! - უპასუხა მურამ - შენ საით მიდიხარ, ძმობილო?
თეთრი დათვი : მეც მომეწყინა, წავალ, უკეთეს ადგილს ვნახავ. ადგილების მეტი რა არის!
ავტორი 1 : იარა მურა დათვმა და ჩავიდა ყინულოვან ქვეყანაში. მიიხედა, მოიხედა, - მოეწონა. ხან პინგვინს გაეკიდა, ხან ზღვის ლომს გაეთამაშა, მაგრამ ყველა გაურბოდა. მურა დათვი არასდროს ენახათ და შეეშინდათ.
ავტორი 2 : სულ მარტო დარჩა მურა. სიცივისგან კანკალი დაიწყო. მერე, მოშივდა კიდეც. თვალებში სულ შინდი, პანტა და თაფლი ელანდებოდა, მაგრამ ყინულების მეტი არაფერი იყო! ყინულებს ხომ არ შეჭამდა?
დაჰკრა ფეხი და წამოძუნძულდა უკან, თავის მხარეში.
ავტორი 3 : იარა თეთრმა დათვმა, იარა და მიადგა უღრან ტყეს. მიიხედა, მოიხედა - მოეწონა. მზე ჩახჩახებდა. ირგვლივ კი ყინულის ნატამალი არ იყო! ხან კურდღელს გაეთამაშა, ხან ზღარბს, მაგრამ ყველა გაურბოდა. თეთრი დათვი არასდროს ენახათ და შეეშინდათ.
სულ მარტო დარჩა თეთრი დათვი. საშინლად დასცხა. მერე, მოშივდა კიდეც. თვალებში სულ ყინულივით ცივი და სლიკინა თევზი ელანდებოდა! მაგრამ ხეების მეტი არაფერი იყო! ხეები კი, შენც კარგად იცი, თევზებს არ ისხამენ!
დაჰკრა ფეხი თეთრმა დათვმაც და წაძუნძულდა უკან, თავის მხარეში.
შუა გზაზე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.
საით გარბიხარ, ძმობილო? - დასძახა მურამ.
- საით და ჩემი ყინულები მომენატრა! – უპასუხა თეთრმა დათვმა - შენ საით გარბიხარ ასე კისრისტეხით, ძმობილო?
- საით და, მეც ჩემი უღრანი ტყე მომენატრა! - მიუგო მურამ.
ავტორი1 : დაემშვიდობნენ ერთმანეთს და განაგრძეს გზა.
რომ იცოდე, როგორ მიეჩქარებოდათ!