ჩემო ჭკვიანო მოსწავლეებო,შეეცადეთ ჩაერთოთ ზღაპრის კვირეულში და მეგობრებთან გადაინაწილოთ როლები სურვილის მიხედვით.(თუ ზეპირად ვერ დაიმახსოვრებთ,არ იღელვოთ,შეგიძლიათ თქვენს მიერ შესასრულებელი როლი წაიკითხოთ)
გისურვებთ წარმატებეს და ხალისიან სასწავლო კვირას!
თქვენი მარეხი მასწავლებელი.
ჩიტი და მელია
(ხალხური ზრაპარი)
ავტორი 1 :იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ჩიტი-ჩიორა. გაზაფხული რომ დადგა, ჩიორამა ერთი ხე მონახა და მოხერხებულ ადგილას ბუდე ჩადგა. ჩაჯდა შიგ, სამი კვერცხი დადო და სამი კვირის თავზე პატარა ჩიორები გამოჩეკა.
ავტორი 2 : როგორც ყველა დედა, ჩიორაც თავს ევლებოდა თავის შვილებს, დაჰხაროდა, დასჭიკჭიკებდა, უზიდავდა პეპლებს, ბუზებს, ჭია-მატლებს, აჭმევდა და ზრდიდა.
ავტორი 3 : ერთ კვირაში ბარტყებს შიშველი ტანი ჭრელი და რბილი ბუმბულით შეემოსათ. დედა-ჩიორა უფრო გახალისდა
ჩიორა : მალე ფრთებიც წამოეზრდებათ ჩემს პაწიებს და ბედნიერად დავაფრენო.
ავტორი 1 : მაგრამ სიხარული მალე მწუხარებად შეეცვალა: ერთმა წყეულმა მელამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირას კუდზე დაჯდა და ჩიორას ასძახა:
მელაკუდა : ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
ჩიორა : რაო, ბატონო მელაო? - ჩამოსძახა ჩიორამ.
მელაკუდა : ერთი შვილი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
ავტორი 2 : შეეშინდა საცოდავ ჩიორას და ერთი ბარტყი გადმოუგდო. მელამ დაავლო ბარტყს პირი, იქვე, ბუჩქებში შეაცუნცულა და თავფეხიანად გადასანსლა. ისევ უკან დაბრუნდა, დაყუნცდა ხის ძირას და ჩიორას ასძახა:
მელაკუდა : ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
ჩიორა : რაო, ბატონო მელაო?
მელაკუდა : ერთი შვილი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
ავტორი 1 : ისევ შეეშინდა საცოდავ ჩიორას, იფიქრა, იქნებ ჩამომეხსნასო და მეორე ბარტყიც გადაუგდო. წუწკმა მელამ ჰაერშივე სტაცა პირი, ისევ ბუჩქებში შეაცუნცულა და გადასანსლა. ტუჩები მადიანად მოილოკა, ისევ უკან გამოცუნცულდა, დასკუპდა ხის ძირას და ჩიორას ასძახა:
მელაკუდა : ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
ჩიორა : რაო, ბატონო მელაო?
მელაკუდა : ერთი შვილი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.
ავტორი 2 : მწარედ დაღონებულმა ჩიორამ აიყვანა მესამე ბარტყიც და მელიას გადაუგდო. თვითონ აფრინდა, წავიდა შორს, შემოჯდა ერთი ხის ტოტზე და მოთქმით ატირდა.
იქვე ერთი მონადირე დადიოდა. გაიგონა ჩიორას მოთქმა, მივიდა და ჰკითხა:
მონადირე : რა იყო, ჩიორავ, ასე მწარედ რა გატირებსო?
ჩიორა : რაღა რა მატირებს, სამი შვილი მყავდა და ერთმა წუწკმა მელიამ სამივე შემიჭამაო.
მონადირე : ვერ მაჩვენებ იმ წყეულსაო? - ჰკითხა მონადირემ.
ჩიორა : რატომ ვერ გაჩვენებ, ალბათ ახლაც იქვე გდია და ჩემს დაბრუნებას ელოდებაო.
მონადირე : მაშ, გამიძეხ, მაჩვენე და იმის ჯავრს მე ამოგყრიო, - უთხრა მონადირემ.
ავტორი 3 : ჩიორა გაუძღვა მონადირეს და მიიყვანა თავის ბუდესთან, მელა მართლაც იქვე იყო, კუდზე დაყუნცული მაღლა იყურებოდა და ჩიორას დაბრუნებას ელოდებოდა. მონადირემ დაუმიზნა თოფი, ესროლა და სული გააფრთხობინა.
ავტორი 1 : ასე მიეზღო სამაგიერო წუწკსა და მტაცებელ მელიას, ხოლო ჩიორამ იმ წელს კიდევ ჩადო ბუდეში სამი კვერცხი, ისევ დაჩეკა ბარტყები და უვნებლადაც დააფრინა.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა,
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.
თამარ ფხაკაძე
თეთრი დათვი და მურა დათვი
ავტორი 1: ერთხელ თეთრი დათვი უზარმაზარ ყინულზე წამოგორდა და დაიწყო ფიქრი. ხან პინგვინებზე იფიქრა, ხან ზღვის ლომებზე, ხან რაზე და ხან რაზე, მაგრამ ბოლოს აი რა მოიფიქრა:თეთრი დათვი: მომბეზრდა აქ! აქეთ ყინული! იქით ყინული! აქეთ პინგვინი! იქით პინგვინი! საჭმელიც, - სულ თევზი და თევზი! წავალ, უკეთეს ადგილს მოვძებნი! დედამიწა დიდია, ადგილების მეტი რა არის?!
ავტორი 2: ასეც მოიქცა. წამოიზლაზნა და გაუდგა გზას.
სწორედ ამ დროს, ერთ თბილ ქვეყანაში მურა დათვი უღრანი ტყის პირას, ხასხასა მოლზე წამოგორებულიყო და ფიქრობდა.
მურა დათვი: უჰ! მომბეზრდა! აქეთ ტყე, იქით ტყე! აქეთ შინდი! იქით პანტა! ყოველდღე თაფლი და თაფლი! ფუღუროებში ძრომიალი და ფუტკრებისგან დაკბენა! მომეწყინა! დედამიწა დიდია! ადგილების მეტი რა არის! წავალ და უკეთეს სამყოფელს მოვძებნი!
ავტორი 3 : ბევრი აღარ უფიქრია, გაუდგა ბაჯბაჯით გზას.
იარა თეთრმა დათვმა. ბევრი იარა.
იარა მურა დათვმა. ბევრი იარა.
შუა გზაზე ერთმანეთს შეხვდნენ.
თეთრი დათვი : ჰეი, ძმობილო! საით გაგიწევია?
მურა დათვი: მომეწყინა. სხვა ადგილი უნდა ვნახო! - უპასუხა მურამ - შენ საით მიდიხარ, ძმობილო?
თეთრი დათვი : მეც მომეწყინა, წავალ, უკეთეს ადგილს ვნახავ. ადგილების მეტი რა არის!
ავტორი 1 : იარა მურა დათვმა და ჩავიდა ყინულოვან ქვეყანაში. მიიხედა, მოიხედა, - მოეწონა. ხან პინგვინს გაეკიდა, ხან ზღვის ლომს გაეთამაშა, მაგრამ ყველა გაურბოდა. მურა დათვი არასდროს ენახათ და შეეშინდათ.
ავტორი 2 : სულ მარტო დარჩა მურა. სიცივისგან კანკალი დაიწყო. მერე, მოშივდა კიდეც. თვალებში სულ შინდი, პანტა და თაფლი ელანდებოდა, მაგრამ ყინულების მეტი არაფერი იყო! ყინულებს ხომ არ შეჭამდა?
დაჰკრა ფეხი და წამოძუნძულდა უკან, თავის მხარეში.
ავტორი 3 : იარა თეთრმა დათვმა, იარა და მიადგა უღრან ტყეს. მიიხედა, მოიხედა - მოეწონა. მზე ჩახჩახებდა. ირგვლივ კი ყინულის ნატამალი არ იყო! ხან კურდღელს გაეთამაშა, ხან ზღარბს, მაგრამ ყველა გაურბოდა. თეთრი დათვი არასდროს ენახათ და შეეშინდათ.
სულ მარტო დარჩა თეთრი დათვი. საშინლად დასცხა. მერე, მოშივდა კიდეც. თვალებში სულ ყინულივით ცივი და სლიკინა თევზი ელანდებოდა! მაგრამ ხეების მეტი არაფერი იყო! ხეები კი, შენც კარგად იცი, თევზებს არ ისხამენ!
დაჰკრა ფეხი თეთრმა დათვმაც და წაძუნძულდა უკან, თავის მხარეში.
შუა გზაზე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.
საით გარბიხარ, ძმობილო? - დასძახა მურამ.
- საით და ჩემი ყინულები მომენატრა! – უპასუხა თეთრმა დათვმა - შენ საით გარბიხარ ასე კისრისტეხით, ძმობილო?
- საით და, მეც ჩემი უღრანი ტყე მომენატრა! - მიუგო მურამ.
ავტორი1 : დაემშვიდობნენ ერთმანეთს და განაგრძეს გზა.
რომ იცოდე, როგორ მიეჩქარებოდათ!
No comments:
Post a Comment