(6.02-12.02 ) ლიდერებისთვის გთავაზობთ ხალხურ გამოცანებს. რატომ?
ბავშვებს ძალიან მოსწონთ გამოცანები.ის ბავშვის ლექსიკონს ამდიდრებს, ასწავლის, რომ სიტყვებს აქვს გადატანითი მნიშვნელობა და ისიც უნებურად იწყებს მის გაანალიზებას.
გამოცანას ჩვენი პატარა მიჰყავს მეტაფორული აზროვნებისკენ. ის ხომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცნობას გულისხმობს. დანარჩენი თავად ბავშვმა უნდა მოიფიქროს.
ჩვენს პატარებს სახალისო ლექსები და გამოცანები, ენის გასატეხები დაეხმარება მეხსიერების გავარჯიშებაში. დედები ჩვეულებრივ ვჩქარობთ პასუხებს, გამოცნობაში დახმარებას ვცდილობთ და ვკარნახობთ.არა და, სწრაფი გამოცნობა – არაა საინტერესო და მავნეც კია. ამ სახით ბავშვს ვაკლებთ შემეცნების წყურვილს და ის ეჩვევა მზა, დაღეჭილი ინფორმაციის გამოყენებას. უფროსები ბავშვს მხოლოდ მინიშნებით უნდა დავეხმაროთ.
არაუშავს, თუ პატარამ ვერ ამოხსნა გამოცანა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, 5-6 წლის ბავშვებში გამოცნობის პროცენტი, დედიკოს და მამიკოს მინიშნების გარეშე, არც ისე დიდია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს თავად პროცესს და არა შედეგს. გამოცანის მეშვეობით ხომ ბავშვს ვეხმარებით ახლებურად დავანახოთ საგანი და მოვლენა.
რაც მეტს თამაშობს ბავშვი სიტყვებით და ბგერებით, მით უკეთესად გამოსდის წერა-კითხვა სკოლაში.
ქვემოთ მოცემული გამოცანებიდან,ბავშვმა უნდა ამოარჩოს ორი გამოცანა,შეეკითხოს თანაკლასელებს და შეეცადოს პასუხის ახსნას.
***
ერთ მინდორზედა დახტოდა
ერთი უკუდო კატაო,
რაც საკუდეზე დააკლდა,
ყურებზე მოემატაო.
***
ღამე ქრება, დღე ენთება.
***
ერთ ფეხზე შეკუნტულია,
ქუდი ჰხურავს თავზე,
ტყეში უთვალავს შეხვდები,
უფრო – ნაწვიმარზე.
***
თეთრმა სუფრამ მთელი სოფელი დაფარა
***
გარეთ ატლასი, შიგნით ათასი
***
წითელ ჭურში წითელი კენჭები აწყვია.
***
გამოცანას მოგახსენებ,
დიდი არაფერიაო,
ალაგ წითელ, ალაგ ყვითელ,
ალაგ ალის ფერიაო.
***
თავხერხა, ბოლონამგალა,
დაჰყვება მთელი ამალა.
***
აი, ეს საჩუქარი,
მშვენიერი რამ არი, -
მზემ გამოჭდა დედისთვის
შვიდი ფერის ქამარი
***
ის რომელი ცხოველია,
ჩუმად რომ დაიარება,
კატის კნავილს თუ გაიგებს,
იმწამსვე დაიმალება?
***
აბა, რა მქვია სახელად,
მეც ყვავილი ვარ ველისა,
მიყვარს წითელი სამოსი,
კოხტად დაჭერა ყელისა.
***
წვერი აქვს, კაცი არ არის;
ბალახს ძოვს, ცხენი არ არის;
რქები აქვს, ხარი არ არის.
***
ხის ტოტებზე დარბის, დახტის,
გაჩერებულს ვინ ნახავს?
თხილს და კაკალს აგროვებს
და ზამთრისთვის ინახავს.
***
ძილშიც ფხიზლობს,
თვალს არ ხუჭავს;
ყურები აქვს მეტად დიდი.
თუ კომბოსტო გითესია,
არ შეჭამოს, გაუფრთხილდი.
***
შვიდი ფერი მმოსია,
ვჩნდები წვიმის შემდეგ,
ცას და მიწას ვაერთებ,
ნელა ვქრები მერე
***
ერთი რამა სულიერი,
მიწა-მიწა მძრომელია,
კაი ვაჟიკაცისათვის
თავსა წამომდგომელია;
სამჯერ გითხარ მის სახელი,
აბა, მითხარ რომელია?
***
ერთსა ალვისა ხეზედა თორმეტი ტოტი აბია,
სცვივა და სცვივა ფოთლები,
ისევ იმდენი ასხია.
***
ასი, ასი, ასლამაზი, ასი კაბა მაცვია,
აბრეშუმის ქოჩორი თავზე გადამვარცხნია
***
ერთი მოლაპარაკე, ორი მაცქერალი და ორი მსმენელი ერთ კვახზედა სხედან.
***
მუნჯი ვარ და სხვას ვასწავლი
No comments:
Post a Comment